Skip to content
 

კოუჩინგი – თქვენი მიზნების განხორციელების ყველაზე მოკლე და რეალური გზა


 

თამარ საგინაშვილს ხომ იცნობთ?.. იცნობთ, იცნობთ :) .

იგი ამ ბლოგზე თავისი წიგნით „სამასმეერთე მილიონერი“ მოგვევლინა და მას შემდეგ ერთმანეთს ვერ ვშორდებით. უნდა გითხრათ, რომ, წიგნების წერასთან ერთად, ბოლო ხანებში თამარმა კიდევ ერთ, მეტად სასარგებლო საქმიანობას – კოუჩინგს – მოჰკიდა ხელი, რაც მის მიერ, პიროვნული განვითარების ნიშაში, გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია.

თამარის ონლაინ კოუჩინგის ძალა, სანამ თქვენთვის მასზე ინფორმაციის მოწოდებას გადავწყვეტდი, საკუთარ თავზე გამოვცადე (რა ვქნა, შეუმოწმებელს ვერაფერს შემოგკადრებთ :) ). იცით, როგორი შეგრძნება მქონდა ერთსაათიანი სესიის ბოლოს? თითქოს გამამხნევებელი შხაპი, კოფეინის დიდი დოზა და დიდი ხნის ნანატრი საჩუქარი ერთდროულად მივიღე.

ეს, ემოციებს რაც შეეხება, თუმცა პრაქტიკული შედეგებიც ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა ყოფილიყო და, ბუნებრივია, ამ ემოციების სტაბილურად შენარჩუნებაში მეხმარება: დაკარგული ფორმა აღვიდგინე, ბლოგი გამოვაცოცხლე, ახალ წიგნზე მუშაობა დავიწყე (უფრო სწორად, სადაცაა ბოლოში გავალ), ყველაფერი ნათელია, ყველაფერი გასაგები, ყველაფერს ვასწრებ… არ ვიცი, კიდევ რა ვისურვო :) .

ჰოდა, რა გასაკვირია, თქვენთვისაც მომინდა ახალი ინფორმაციის გაზიარება, რომელიც, სრულიად დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მიზნის მიღწევას გაგიადვილებთ. ამიტომ ბლოგზე თავად თამარი მოვიწვიე და კითხვა-კითხვით „ვაიძულე“, ყველაფერი დეტალურად მოეთხრო უკვე თქვენთვისაც ხელმისაწვდომი პერსპექტივის შესახებ.

თამარ, მას შემდეგ, რაც შენთან კოუჩ-სესია გავიარე, ვცდილობ, ყველას მოვუყვე მის შესახებ, მაგრამ, ძირითადად, აღფრთოვანების გამომხატველ შორისდებულებს ვერ ვცილდებ , ამიტომ ისევ შენ გვითხარი დაწვრილებით და დალაგებულად, რა მიზანს ემსახურება და რა შედეგების მიღწევაში ეხმარება ადამიანს შენი სკაიპ-სესიები?

ქეთევან, მე ვეხმარები ადამიანებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში და ვაკეთებ ამას პროფესიონალურად ანუ პროფესიონალი დამხმარე ვარ  მათთვის :) .

როგორ ხდება, რომ 40 წუთის განმავლობაში ადამიანი პოულობს პასუხებს, როგორც მიმდინარე, ასევე დიდი ხნის წინ წამოჭრილ კითხვებზე, ამის ახსნა დიდ დროს მოითხოვს.

ხშირად სესიის მერე მისვამენ კითხვას: ეს როგორ შეიძლება მოხდეს?  თან ასე მოკლე დროში… ანდა: ამას აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი?

ვპასუხობ: რა მნიშვნელობა აქვს! თქვენ იპოვეთ გამოსავალი, იპოვეთ პასუხი, დასახეთ სამოქმედო  გეგმა… და მზად ხართ უახლოესი 48 საათის განმავლობაში დაიწყოთ მოქმედება! ეს არის მთავარი!

რა შედეგების მიღწევაში ეხმარება ადამიანს კოუჩ-სესია?

ნებისმიერ დროს, როცა:

  • მისაღები გვაქვს რაიმე გადაწყვეტილება და არ ვიცით, რომელი გზაა სწორი;
  • როცა საერთოდ ვერ ვხედავთ ვერანაირ გზას და ვერანაირ გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან;
  • როდესაც ვიცით, რა გვინდა, მაგრამ არ ვიცით, როგორ მივაღწიოთ მიზანს;
  • ანდა როცა რაღაც გვინდა, მაგრამ არ ვიცით, რა;
  • როდესაც არ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და არ ვიცით, როგორ ვირწმუნოთ;
  • როდესაც მოსაგვარებელი გვაქვს ურთიერთობები სხვებთან და საკუთარ თავთან;
  • როდესაც მეტისმეტად ბევრ საქმეს ვიკიდებთ კისერზე და მერე ქანცგაწყვეტილი ვკითხულობთ – რატომ ვიქცევი ასე?
  • როდესაც ქრონიკულად არ გვყოფნის დრო და ვერ გაგვიგია, როგორ ჩავატიოთ 24 საათში 48 საქმე!
  • როდესაც წლობით ვართ დიეტაზე და ვერ გაგვიგია, რატომ ვიმატებთ წონაში ყველა დიეტის შემდეგ!

…ასე შეიძლება ვერასოდეს დავასრულო ჩამოთვლა! :)

მოკლედ, კოუჩინგი გვეხმარება საკუთარი თავის და საკუთარი ცხოვრების გარდაქმნაში ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

როგორც ინტერნეტის დიდ თაყვანისმცემელს, ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ჩემი სამუშაო ოთახიდან ცხვირის გამოყოფა არ დამჭირვებია კოუჩინგის სესიის გასავლელად :) . რა უპირატესობა გააჩნია ონლაინ კოუჩინგის მეთოდს ოფლაინ სესიებთან შედარებით?

სესიის დროს კოუჩის მთავარი ამოცანაა, თავიდანვე მოიპოვოს კლიენტის ნდობა. ამავე დროს, პროფესიონალი კოუჩი მხოლოდ ყურით კი არ უსმენს ადამიანს, ის უსმენს შინაგანი სმენით.

თავის მხრივ, კლიენტი უნდა იყოს მარტო, მშვიდ გარემოში. მისი ყურადღება არაფერმა უნდა მიიპყროს. ასე უკეთეს შედეგს მიიღებს. ის თიშავს ტელეფონს, სოცქსელებს, ტელევიზორს და რჩება მარტო საკუთარ თავთან და სკაიპის მეორე ბოლოს მყოფ კოუჩთან.  მათ აკავშირებთ მხოლოდ ხმა და სიტყვები, რომელიც კოუჩმა ისე უნდა მიუსადაგოს სიტუაციას, რომ არაფრით გამოიწვიოს კლიენტის ყურადღების გაფანტვა.

ყველა ამ პირობის საუკეთესოდ განსახორციელებლად  ყველაზე შესაფერისია სკაიპით ან, უკიდურეს შემთხვევაში, ტელეფონით სესიის ჩატარება.

როგორც ვიცი, მყარი შედეგების მისაღწევად, ცალკეული სესიები არ კმარა და სრული კოუჩ-კურსის გავლაა საჭირო. დროის რა პერიოდი ესაჭიროება, საშუალოდ, ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტას და რა პირობების შესრულება მოუწევს კოუჩ-კურსის მონაწილეს?

ლატანსკის „კოუჩინგის სკოლას“, რომელიც მე გავიარე,  აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პირობები. მათ შორის, სამი უმნიშვნელოვანესი:

  1. რაზეც უკვე ვისაუბრეთ – არავითარი პირადი შეხვედრები სესიის დროს:
  2. არავითარი უფასო სესისები – როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც რაიმეს უფასოდ ვიღებთ ანუ როდესაც არაფერს გავცემთ მის მისაღებად (ფულს, ენერგიას, ან რაიმე სხვას),  საქმე ბოლომდე არ მიგვყავს. ეს, ერთი მხრივ, იწვევს გულგატეხილობას ამ ადამიანში – მას ჰგონია, რომ პრობლემა მასშია და რაღაც უშლის ხელს მიზნის მიღწევაში. სინამდვილეში, მას არაფერი გაუღია ამ მიზნის მიღწევისათვის და ამიტომ ვერაფერი მიიღო. მეორე მხრივ, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს არის მეთოდი, რომელიც იძლევა დროებით შედეგებს…
  3. ერთი სესიის ჩატარებაზე კოუჩი თანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს არის პრომო-სესია. ანუ როცა კლიენტისთვის ეს სრულიად უცხო თემაა და მას სურს მოსინჯოს, რამდენად მოსწონს ეს მეთოდი.

ერთი სესიის შედეგად,  ძირითადად, ყველა გამაოგნებელ შედეგებს ღებულობს. ქეთევან, შენ ეს უკვე გამოსცადე და ჩვენი ინტერვიუც ამის შედეგია. მაგრამ, მოგეხსენება, ადამიანის გადაწყვეტილება ცხოვრების შეცვლის, ახალი მიზნების მიღწევის, დიეტის ან ვარჯიშის დაწყების, ურთიერთობების გამოსწორების და ნებისმიერი სხვა  ცვლილების შესახებ, დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ სერიოზული საფრთხის წინაშე დგება და ამ საფრთხეს ჰქვია უარის თქმა ყველა ახალ წამოწყებაზე.

რატომ ხდება ასე, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ.

ამიტომ აუცილებელია, რომ კოუჩი გაჰყვეს კლიენტს თავისი მიზნისკენ, მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში. ეს არ ნიშნავს, რომ სამი თვე მხოლოდ ერთი პრობლემის გადაჭრას სჭირდება. არა. პრობლემა ერთი ან ორი სესიით გვარდება. შემდეგი სესიები – კვირაში ერთი, სხვა ამოცანების გადაჭრას ეთმობა, მაგრამ თუ გზადაგზა წინააღმდეგობები იქმნება, კოუჩი სულ მზად არის დაგეხმაროთ.

სამი თვის შემდეგ ადამიანი უკვე მზად არის, დამოუკიდებლად გააგრძელოს გზა.

საზღვარგარეთ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ბიზნესით, მწერლობით  ან ნებისმიერი  სხვა საქმიანობით, ჰყავთ კოუჩები, რომლებიც მუდმივად ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. იმიტომ კი არა, რომ მათ ამ საქმეში უფრო მეტი იციან, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ კოუჩინგი უზრუნველყოფს საკუთარი, უსასრულო, შესაძლებლობების გახსნას.

თუ ადამიანი აპირებს სერიოზული პროექტის დაწყებას და განხორციელებას, ის აფორმებს არა სამთვიან, არამედ ერთწლიან ხელშეკრულებას, რათა საქმის ყოველ ეტაპზე, თუ საჭიროა, ყოველ კვირა,  შეძლოს პროფესიონალური დახმარების მიღება.

მეც მყავს ჩემი კოუჩი, თუმცა თვითონვე შემიძლია ძირითადი ამოცანების მოგვარება. მასაც ჰყავს თავისი კოუჩი.

მიკოლა ლატანსკისთვის, მაგალითად, ახლა ყველაზე აქტუალურია წიგნის დამთავრება, რომელსაც ის დიდი ხანია წერს. ამიტომ მას ჰყავს კოუჩი, რომელიც ექსპერტია წიგნების წერის საქმეში. ის ეხმარება ბევრ ცნობილ მწერალს თავიანთი ბესტსელერების შექმნაში. მისი ერთი საათი 500 დოლარი ღირს.

გარდა ამისა, ლატანსკის კოუჩია მისი მეუღლე ტანია. ნებისმიერი გამოსვლის, ვიდეოკასტის ჩაწერის, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ისინი გადიან სხვადასხვა ოთახში და სკაიპით ატარებენ სესიას.

ამის შემდეგ ლატანსკიმ ზუსტად იცის, რაზე უნდა ააგოს თავისი გამისვლა  და რა მთავარი მესიჯი უნდა მიაწოდოს ადამიანებს. ამიტომაც არის მისი ნებისმიერი გამოსვლა ასეთი შთამბეჭდავი და ძლიარი.

რა ღირს კოუჩინგის სრული კურსის გავლა?

როდესაც მე უფასო სესიებს ვუტარებდი ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, ყველაზე სერიოზულად ჩემი დახმარების მნიშვნელობა მაშინ შევიგრძენი, როცა ერთ-ერთი სესიის მერე ნაცნობმა მითხრა: შენი ანგარიშის ნომერი მითხარიო.

უცებ მართლა ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა და რად გინდა-მეთქი, ვკითხე. მადლობა მინდა გადაგიხადო ასეთი საოცარი შედეგისთვისო. გამეცინა, უღრმესი მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი. მაშინ მან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი გამომიგზავნა საჩუქრად.

ამის შემდეგ კიდევ ორმა ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ თანხობრივად გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება.

მეც მადლიერებით მივიღე მათი საჩუქარი და ყოველთვის მადლობელი ვიქნები, იმიტომ, რომ  დამანახვეს რეალური ფასი იმისა, რასაც ვაკეთებ.

ახლა უკვე კარგად ვიცი, როგორი მნიშვნელოვანი დახმარება შემიძლია გავუწიო ადამიანს და ვიცი, რა ღირს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღება სხვაგან, მაგრამ ჩვენთან სხვა რეალობაა.

კონკრეტული თანხის დასახელება ასე, ზეპირად, ძნელია, რადგან ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ, ვთქვათ, სამთვიანი ხელშეკრულების შემთხვევაში ( ანუ 12 სესია + სესიის შემდეგ კონსულტირება და კონკრეტული დამხმარე სავარჯიშოების შერჩევა მიზნის მიღწევისათვის + შედეგების მეთვალყურეობა) ერთი თვე ღირს 100 დოლარის ექვივალენტი ლარში.

გარდა ხელშეკრულებისა, კლიენტი დასაწყისში ავსებს რამდენიმე კითხვარს, რომ ვიცოდეთ, საიდან დავიწყეთ და შემდგომში მუშაობის ყველა ეტაპზე  დავაფიქსიროთ კონკრეტული შედეგები.

რაკი ჩვენთან ხარ, არ შემიძლია, ორიოდე სიტყვით არ შევეხო, შენ მიერ უკვე ანონსირებულ, ლატანსკის ტრენინგს თბილისში. როდისთვისაა დაგეგმილი და რა ტრენინგია?

გმადლობ ამ შეკითხვისთვის. შენ იცი, როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა შეძლოს დაესწროს ამ ტრენინგს და დაძრას საკუთარი ცხოვრება მკვდარი წერტილიდან.

ტრენინგი ჩატარდება 6-7 ივლისს. ორი სრული დღე – თითქმის 20 საათი – მიკოლა ლატანსკი, მისი მეუღლე ტატიანა და 8 ასისტენტისგან შემდგარი „წარმატების გუნდი“ იმუშავებს იმისთვის, რომ მსმენელები იქიდან, სადაც ახლა არიან დაიძრან და უმოკლეს ვადაში მივიდნენ იქ, სადაც სურთ რომ იყვნენ; იმისათვის, რომ მათი მომავალი და მათი წარმატებები აღარ იყოს დამოკიდებული პოლიტიკაზე, კრიზისზე, ამინდზე და ათას სხვა მიზეზზე.

მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე და რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ.

ვინც დაესწრება ამ ტრენინგს, მიიღებს კონკრეტულ შედეგებს უკვე იმ ორი დღის განმავლობაში – ეს შედეგები დაიწყება თქვენში და გაგრძელდება გარე სამყაროში.

სად შეიძლება მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ მასში მონაწილეობის მსურველებმა?

ლატანსკის ოფიციალურ საიტზე უკვე გაიხსნა თბილისის ტრენინგის სპეციალური გვერდი. აქ არის ამომწურავი ინფორმაცია. რეგისტრაციის გავლა და რეკვიზიტების მიღებაც იქვეა შესაძლებელი.

ლატანსკი ამბობს, რომ ის ხედავს გენიოსს თითოეულ ადამიანში და აღვიძებს ამ გენიოსს.

მას ეს ნამდვილად კარგად გამოსდის!

დიდი მადლობა, ამ ინფორმაციისთვის, თამარ. წარმატებებს გისურვებ, პირადად, შენ და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბედნიერება ექნება, იმუშაოს შენთან ერთად, საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

დამშვიდობებამდე მინდა გითხრათ მთავარი: ბევრი მეთოდი და სისტემა არსებობს, რომელიც რეალურად ეხმარება ადამიანს წინსვლაშიც, გაჯანსაღებაშიც, მიზნის მიღწევაშიც.

ერთადერთი შემთხვევა, როცა პიროვნებამ შეიძლება, ვერ “მოირგოს” ვერც ერთი სისტემა, არის ის, რომ მას არ სურს დაინახოს……
არ სურს დაინახოს რომ საკუთარ თავთან აქვს სამუშაო!

ან არ სურს დაინახოს, რომ მას მიცემული აქვს არჩევანის უფლება!

ის თავად წყვეტს ვინ უნდა, რომ იყოს: გარემოებათა და სხვა ადამიანების მსხვერპლი თუ საკუთარი ცხოვრების მმართველი. გააკეთეთ სწორი არჩევანი და თქვენი ცხოვრება შეიცვლება!

წარმატებებს გისურვებთ! 

 

ავტორი: ქეთევან გოგიაშვილი

გაიგე, როგორ წამოიწყო ი ნ ფ ო ბ ი ზ ნ ე ს ი  - ყველაზე პერსპექტიული და ხელმისაწვდომი ბიზნესი ინტერნეტში.

 

8 კომენტარი

  1. არაჩვეულებრივია! ქეთევან, თამარ, საოცარი ადამიანები ხართ! როგორ მიხარია, რომ ეს ყველაფერი საქართველოში და თანაც ქართულ ენაზე ხდება!:)

    დარწმუნებული ვარ, თამარის კოუჩსესიების წყალობით, უამრავი ადამიანის ყოფა შეიცვლება უფერული ყოველდღიურობიდან წარმატებული, ბედნიერი, სიცოცხლით სავსე ცხოვრებისაკენ…

    წარმატებები, წარმატებები და წარმატებები არაჩვეულებრივო ქალბატონებო! :)

  2. თქვენი ჭირიმე თქვენია, ჯამს წვეთიც არ შერჩენია :)

    ვამაყობ თქვენით <3

    ქეთევან, მაპატიე პასიურობისთვის, მაგრამ ცოტა ხანში მეც ხომ უნდა გაგაოცოთ?! – ჰო და ვმუშაობ ;)

    ისე, არც მე ვიტყოდი თამარის ქოუჩ-სესიაზე უარს, მითუმეტეს, რომ უახლოვეს მომავალში თავადაც მაქვს დაგეგმილი მსგავსი "ღონისძიებები". მაინტერესებს მისი სისტემა ;)

    მოკლედ, მაგრები ხართ ქალბატონებო – მიაწექით! <3

  3. გაამოს… ვინ გაპატიებდა წვეთის დატოვებას :)

    თუ ყველაფერი ჩვენს გასაოცებლად კეთდება, ბუნებრივია, შეგინდობთ, გიო :)

    რაც შეეხება მსგავს ღონისძიებებს, მჯერა, დაგეგმილი გექნება – კოუჩინგის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია ჩვენს სფეროში მუშაობა. წარმატებებს გისურვებ და ნუ შეგვატოვებთ ქალებს “ლოკომოტივს” :D

  4. მარი пишет:

    ვამაყობ ქართველებო რომ ასეთ მნოშვნელობან და აუცილებელ საქმეს აკეთებთ საქართველოში. კოუჩინგი ძალიან მნოშვნელოვანია ამერიკაში დიდი კომპანიების მფლობელებისათვის და მენეჯერებისათვის, ისინი პირადად მე ვიცი რომ საათში ათასობით დოლარს იხდიან რომ მიიღონ სესიები კოუჩებისაგან, რათა ნებისმიერ საქმეში იყვნენ წარმატებულები…. ეს სკოლა დიდია ამერიკაში და ამიტომაც ბევრია აქ წარმატებული ადამიანები როგორც პირად ისე ფინანსურ ცხოვრებაში. ასე რომ მივესალმები თქვენს წამიწყებებს და თანაც ქართულად! თამარის წიგნი ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო, ხვიჩა მებონიას მეშვეობით,რადგან ქართულად ამ სფეროში არაფერი არ წამეკითხა და აღფრთოვანებული დავრჩი რადგან ქალბატონ თამარ საგინაშვილს ქართული მენტალიტეტის ფონზე კარგად აქვს გაშიფრული პრობლემა ქართველი ერის ფინანსური დეგრადაციისა და სიზარმაცისა….. ყველაზე მეტად “კორტიალა” ადამიანების თემა მომეწონა რომელზეც მე ღამის 1 საათზე იმდენი ვიცინე ასეთი სიმართლე ჯერ ქართულად არავის დაუწერია მეთქი!!! ბევრი კორტიალა არსებობს საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ნაწვალები ფულებით……..მე ბევრი მინახავს 20 წლის განმავლობაში…. ასე რომ თქვენ რევოლუციას ახდენთ საუკეთესოსკენ და რა თქმა უნდა გაიმარჯვებს ის ვინც საკუთარ თავს ნებას დართავს იმოქმედოს ამის საფუძველზე და არ გააგრძელოს კოტრიალობა……ვამაყობ თქვენით!

    • დიდი მადლობა, მარი!

      ვატყობ, უვე ჩვენიანი ხართ :) …ანუ ადამინი, რომელიც თავს “კოტრიალის” ნებას არ აძლევს, მუდმივად ვითარდება, მზადაა სიახლეების და გამოწვევების მისაღებად. ეს ბლოგი სწორედ თქვენთვის შეიქმნა… მიხარია, რომ გვიპოვეთ.

  5. ლალი пишет:

    ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან კოუჩის და კოუჩინგის ფასს და რაც მთავარია ეს რომ ქართულად ტარდება. ნამდვილად მიხარია თამარის გაცნობა, თუნდაც ამ სტატიით. ის ნამდვილად დიდ საქმეს ემსახურება. ქართველთა უმრავლესობას ნამდვილად ესაჭიროება იმის გაგება, რომ ორი უმაღლესის დამთავრებას და 10 დისერტაციის დაცვას 21-ე საუკუნეში აღარ მოაქვს ის წარმატება, რომელიც მოქონდა მე-20 საუკუნეში. დღეს კოუჩინგებზე დასწრება და კოუჩის ყოლა, ნიშნავს იმას, რომ თუ გინდა გახდე საკუთარი ცხოვრების ოლიმპიური ჩემპიონი, უნდა გყავდეს შენი მწრთვნელი და ბევრი იშრომო.

  6. “ორი უმაღლესის დამთავრებას და 10 დისერტაციის დაცვას 21-ე საუკუნეში აღარ მოაქვს ის წარმატება, რომელიც მოქონდა მე-20 საუკუნეში”…

    აბა, როგორ არ დაგეთანხმოთ, ლალი? :) .

    საქართველოს და ქართულ ვებსივრცეს ძალიან სჭირდება ადამიანები, ვინც სხვებზე ადრე აუღო ალღო დღევანდელ რეალობას. ასე რომ, დროა 180 გრადუსით შემობრუნდეთ სამხრეთისკენ ;)

დატოვეთ თქვენი კომენტარი